აჭარის უმაღლესი საბჭო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში კვლავ ლიდერობს და ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების საუკეთესო ხუთეულშია. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სიგელი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს - ზურაბ ჭურკვეიძეს, თბილისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის წარდგენისას, IDFI -ის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა გადასცა.
ინსტიტუტი, მონიტორინგის შედეგად, ყოველწლიურად ასახელებს საქართველოში ყველაზე ღია და დახურულ საჯარო უწყებებს. 2021 წელს, ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გამოვლენილია ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით გამცემი 13 უწყება, რომელთაგან 3 აჭარიდანაა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, განათლების, კულტურისა და სპორტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები).
აღსანიშნავია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა და ჯეროვნად ასრულებს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რაც მის ლიდერობას განაპირობებს.
IDFI ის ანგარიშის პრეზენტაციაზე, აჭარის საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, სიგელები გადაეცათ იმ უწყებებს, რომლებმაც 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს.