"უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შეასრულა, დარჩენილ მცირე ნაწილზე კი მიმდინარეობს მუშაობა", - აღნიშნა დავით გაბაიძემ უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც პარტნიორი, მხარდამჭერი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტი, საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებები, საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები სხდომაზე უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლის - დავით მაისურაძის შეფასებით, უმაღლესმა საბჭომ წარმატებით შეასრულა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, ამასთან, საკანონმდებლო ორგანო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან.
სხდომას ZOOM პლატფორმის მეშვეობით ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ირინე ურუშაძე, რომელმაც მიმდინარე სამუშაო პროცესებზე ისაუბრა.
დისკუსიების შემდეგ, წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით, სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტს. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის განახლებული შემადგენლობა.
ერთობლივი სხდომის შეჯამებამდე, დავით გაბაიძემ მონაწილეებს ღია მმართველობის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ღიაობის ინიციატივები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით ხორციელდება.