აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, საკანონმდებლო სიახლის გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას დაეთმო - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ.
პირველ ეტაპზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორცილების მიზნით, საკანონმდებლო საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევაზე დაყრდნობით, დავით გაბაიძისა და ვლადიმერ მგალობლიშვილის ავტორობით, აჭარისა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მომზადდა კანონის პროექტი - „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს (მომხსენებელი ლადო მგალობლიშვილი)წარუდგინა. 2022 წლის 12 აპრილს, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
კანონის ამოქმედებით, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ორ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრსა და დასაქმების სააგენტოს, ნაცვლად გართულებული სატენდერო პროცედურებისა, სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, უფლება აქვს გრანტის სახით დააფინანსონ ახალგაზრდების მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში როგორებიცაა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, საერთაშორისო კონფერენციებში და ფორუმებში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლებში მონაწილება და ა.შ. ასევე, შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებულ პირებზე, გრანტი გასცეს სხვადასხვა სახის სამუშაო ინვენტარის შესაძენად, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
„საკანონმდებლო სიახლის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად განვიხილეთ კანონის შემდგომი სამართლებრივი პროცედურების სწრაფად განხორციელების საკითხები, რათა სიახლე უმოკლეს ვადებში დაინერგოს პრაქტიკაში. კანონის ამოქმედება მიზნობრივი პროგრამებში მონაწილეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარანტიაა“, - აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.