„ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილით მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტი ისარგებლებს და ყველა სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება დროულად მოხდება“, - აცხადებს ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე.
უმაღლესი საბჭოს წევრი ხულოს სამედიცინო ცენტრში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ჯანდაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და მაღალმთიანეთის მოსახლეობის სრულფასოვანი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. რეანიმობილი სასწრაფო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა.