„ჩვენი მიზანი, კომიტეტისათვის, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, წინადადებების შემუშავება, განხილვა, რეკომენდაციების წარდგენა, აჭარის სოფლის მეურნეობის სფეროს გამოწვევების გამოვლენა და მათი დაძლევის გზების მოძიებაა“, - აღნიშნა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ ამავე კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომაზე.
13-წევრიანი საბჭო, სათათბირო ორგანოა, რომელშიც აგრარული და გარემოს დაცვის სფეროების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური სპეციალისტები, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პროფესიონალები, საზოგადოებრივ საწყისებზე, ანაზღაურების გარეშე ერთიანდებიან.
საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომაზე განიხილეს ამავე საბჭოს დებულება. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული აქტივობები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, საბჭოს შემდგომი ნაბიჯი კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იქნება, რაც გაცილებით ეფექტური მუშაობისა და შედეგების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.
სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებების, წინადადებების მოსმენის, რეკომენდაციების წარდგენისა და ცალკეულ გამოწვევაზე მსჯელობის პარალელურად, საბჭოს წევრები აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმას გაეცნენ, რომელიც საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.