აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ახალი ვებპლატფორმის - chaerte.sca.ge-ს საშუალებით ჩანიშნული პირველი ექსკურსია-შეხვედრის მონაწილეებს უმასპინძლა. ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 6 აპრილს ახალი პლატფორმის ონლაინპრეზენტაციას ZOOM-ის საშუალებით ესწრებოდნენ, საკანონმდებლო ორგანოში დანერგილი სიახლეებით დაინტერესდნენ.
მოსწავლეები უმაღლესი საბჭოს ფუნქციებისა და საქმიანობის გაცნობის პარალელურად, chaerte.sca.ge-ს მოდულებით, განსაკუთრებით კი პეტიციით დაინტერესდნენ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს პეტიციის წარდგენის, განხილვის, დამტკიცების პროცედურები გააცნეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
მოსწავლეებმა დავით გაბაიძეს რამდენიმე პეტიციის იდეა წარუდგინეს, მოისმინეს მისი მოსაზრებები და შენობის დათვალიერების შემდეგ, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მოსწავლეები 21 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მოიწვია, რომელზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში ორი მინისტრის ანგარიშს მოისმენენ.
უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობისა და მასში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ანალოგიური ექსკურსია-შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ცნობისათვის: ექსკურსიის ჩანიშვნა და ვიზიტის დაგეგმვა დაინტერესებულ მოქალაქეებს https://chaerte.sca.ge/ge/eqskursia-ს საშუალებით შეუძლიათ.