უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმა - Chaerte.sca.ge-ს გაცნობით დაიწყო თავისი გამოსვლა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
„Chaerte.sca.ge თქვენთვის შეიქმნა და მისი საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია: ელექტრონული პეტიციების წარდგენა, მხარდაჭერა, კანონპროექტზე კომენტარის გაკეთება, უმაღლესი საბჭოსთვის განცხადებით მიმართვა, საშვის ელექტრონულად მოთხოვნა, სხდომებზე დასწრება,“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ახალი ვებპლატფორმით, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, ასევე შეუძლიათ: უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის წინასწარ ჩანიშნვა, აჭარის ბიუჯეტის, სადეპუტატო კითხვების, პასუხების, უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, კომიტეტების, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების გაცნობა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარძემ შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე პროგრამებზე, სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს მათთვის საინტერესო კითხვებს.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.