„სოფლად მეწარმეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თოთოეული ასეთი საწარმოს გამართულ მუშაობას არა მხოლოდ კონკრეტული სოფლისთვის, არამედ რეგიონისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს,“ - განაცხადა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერებისას.
სამუშაო პროცესს, უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან - გიორგი სურმანიძესთან ერთად გაეცნო. საწარმო, რომელშიც 15 ადამიანი დასაქმდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 69 788 ლარით დაფინანსდა, ბენეფიციარის თანადაფინანსება კი - 30 000 ლარია. ძენწმანის საწარმოში ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია, ქართული ბაზრის პარალელურად, ევროპაშიც იგეგმება.
სოფლად საწარმოების შექმნის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს 2020 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე, რეგიონში, დაფინანსებულია 34 საწარმო. ამასთან, წინა წლებთან შედარებით, გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რიცხვი და მათი რაოდენობა 24-ია.