„მსგავსი შეხვედრების მიზანი მევენახეობაში არსებული მდგომარეობის გაცნობა და დარგის შემდგომი განვითარებისთვის ხელშეწყობაა“, - აღნიშნა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში მევენახეებთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან - გიორგი სურმანიძესთან ერთად დაესწრო, მევენახეობასა და ზოგადად, აგრარულ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე, მუნიციპალიტეტში მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის პარალელურად, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამრეწველო ვენახების გაშენებისა და მეღვინეობის განვითარებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში, რომელსაც ამ მხრივ ძალზე კარგი ტრადიციები აქვს, აუცილებელია სასუფრე ყურძნის ვენახების გაშენებაც, ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მუნიციპალიტეტში არსებული ლაბორატორიის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე.