აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (III მოსმენა), „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების მიღებით, ავტონომიური რესპუბლიკების დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, დასაქმებისა და ახალზრდობის სფეროში გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭებათ.
რაც შეეხება „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონის პროექტს, მისი მიღება მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებება კი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მის მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე შესაბამისი რეაგირების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის) უფლებამოსილებას ანიჭებს.
კანონპროექტების ავტორები არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები: ვლადიმერ მგალობლიშვილი, ფრიდონ ფუტკარაძე, მარინე გვიანიძე და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).