„აჭარის უმაღლესი საბჭო ცდილობს იყოს კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოების ფართო ფენებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირისა (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, უმაღლესი საბჭო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივას შეუერთდა, შეიქმნა ღია მმართველობის საბჭო, რომლის მიზანი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური ეფექტურობის გაძლიერება, ღიაობის პრინციპების დანერგვა, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრისა და ახალი ონლაინპლატფორმის - chaerte.sca.ge-ის ამოქმედებაა, რაც არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, რეალობად იქცა, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ახალი ონლაინპლატფორმის - chaerte.sca.ge-ის პრეზენტაციისას.
ონლაინპრეზენტაცია, რომელიც Zoom პლატფორმის მეშვეობით გაიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა გახსნეს და მასში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.
ნიკ ბერესფორდმა უაღრესად დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ორგანოში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საჯარო დაწესებულებებს შორის, ამ თვალსაზრისით, ლიდერია.
საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეთა ჩართულობის ციფრული ტრანსფორმაციის გააუმჯობესების კუთხით გატარებულ ღონისძიებები და თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს შშმ პირთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენელმა რამინ მაჭარაშვილმა და პრეზენტაციის სხვა მონაწილეებმა.
Chaerte.sca.ge-ს დანიშნულებაზე, მის ფუნქციებსა და მოდულებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ხათუნა ნაყეურმა, მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა - სუზანა ვაშაყმაძემ მიაწოდეს.
როგორც აღინიშნა, Chaerte.sca.ge უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. ახალი ონლაინპლატფორმა - „ჩაერთე“- დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობის, პლენარულ და საკომიტეტო სხდომების საქმიანობაში ჩართვის, საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობისა და სხვა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს.
chaerte.sca.ge-ს საშუალებით მოქალაქეები შეძლებენ: ელექტრონული პეტიციების წარდგენას/არსებულის მხარდაჭერას, ინიცირებული სამართლებრივი აქტების გაცნობას/მათზე კომენტარის გაკეთებას, უმაღლესი საბჭოსთვის წერილით/ განცხადებით მიმართვას, საშვის ელექტრონულად მოთხოვნას, პლენარულ/საკომიტეტო სხდომებზე დასწრებას, უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის წინასწარ ჩანიშნვას, უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო ფუნქციების, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის, უმაღლესი საბჭოს წევრების სადეპუტატო კითხვების/მიღებული პასუხების, ასევე უმაღლესი საბჭოს, ცალკეული წევრების, კომიტეტების, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარდგენილი ანგარიშების გაცნობას.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა სრულადაა ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის და ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სტანდარტი აქვს საქართველოში (პასუხობს WCAG AA დონის გლობალურ სტანდარტებს თითქმის სრულად).
ონლაინპრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები, არასამთვრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.
ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, ჟესტური ენის საშუალებით, ხელმისაწვდომი იყო შშმ პირებისთვის. კითხვა-პასუხის რეჟიმის მსვლელობისას დაიგეგმა მათ წარმომადგენლებთან შეხვედრა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში“ პირველი მოქალაქე მიიღეს.
chaerte.sca.ge პლატფორმა შემუშავდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად (IDFI) - ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში.