ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და აჭარაში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელმა მირანდა ტყაბლაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა - ლელა აქიაშვილმა გახსნეს.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, დისკუსიები გაიმართა გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით მიღწეული შედეგების, გამოცდილების გაზიარების, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების საკითხებზე. აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.
სამუშაო შეხვედრის დასრულებამდე, მონაწილეებმა არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.