პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავიეცკის საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ ქვემო სილეზიის სავოევოდოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ქ. ბათუმის მერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მეგობარი ქვეყნის პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ მას მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსი. სწორედ მან გააცნო ხელახლა ჩვენი ქვეყანა პოლონელ ხალხს და მთელ მსოფლიოს. იმედი მაქვს, სამომავლოდ, კვლავ დავგეგმავთ და განვახორციელებთ ერთობლივ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანასა და მათ რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მზად ვართ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პოლონელ სტუმრებთან შეხვედრაზე.
მხარეებმა, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ფონზე, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუქცევადი მეგობრობა, პარტნიორული, სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს.
დელეგაციის წევრებმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ხელისუფლებას.