14 მარტი

     საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. საქართველოს კანონპროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

       „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონის პროექტი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რაც შეეხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის მიღებით „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცემა უფლება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება (შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) მის მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე.

      კანონპროექტების ავტორები არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები: ვლადიმერ მგალობლიშვილი, ფრიდონ ფუტკარაძე, მარინე გვიანიძე და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი