01 მარტი

 აჭარის  უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია  ბიუროს სხდომით გაიხსნა. დღის წესრიგის პროექტის დამტკიცებამდე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და აღნიშნა, რომ აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებსა და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. საუბარია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტების  ბიუჯეტებიდან  შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფაზე:

 „გარდა ამისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს  უკრაინელ ვიზიტორებს სასტუმროებში განთავსებასა და სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფაში. თუ ვინმეს სჭირდება დახმარება და გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

 დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ,  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. ბიურომ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

,,უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“ აჭარის  უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა - ელგუჯა ბაგრატიონმა წარუდგინა. პროექტი, ბიუროს გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში განიხილება უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი.

 გიორგი კირთაძე აღარ იქნება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი ბიურომ ცნობად მიიღო.