უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულება მიმოიხილეს ამავე საბჭოს 23 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც საკონსულტაციო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. შესაბამისი მოხსენება უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, გეგმის ფარგლებში ნაკისრი 15 ვალდებულებიდან უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილზე მუშაობა კი ისევ მიმდინარეობს:
- მომზადდა და განხორციელდა ცვლილებები რეგლამენტში;
- მოქალაქეთა ჩართულობისა და საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დაინერგა პეტიციის ინსტიტუტი;
- მიმდინარეობს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მოწყობა;
- გაიზარდა საბჭოს გამჭვირვალობა როგორც მედიის მეტი ხელმისაწვდომობის, ასევე ციფრული მექანიზმების დანერგვის თვალსაზრისით;
- პარტნიორების მხარდაჭერით ადაპტირდა საბჭოს ვებგვერდი და მიმდინარეობს შენობის ადაპტირების სამუშაოები;
- 2022 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება მოქალაქეთა ჩართულობის პორტალიsca.ge, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა - უყუროს სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას, გაეცნოს და კომენტარი გააკეთოს კანონპროექტებზე, წარადგინოს პეტიცია, მიმართოს საბჭოს ან მის დეპუტატებს, მიიღოს სხვა ციფრული სერვისები.
დღის წესრგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების ჩართულობით სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ღიაობის ინიციატივები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან(IDFI) თანამშრომლობით ხორციელდება.