2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 436 მილიონი ლარია. რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 134 მილიონ ლარს გახარჯავს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 71 მილიონს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 18 მილიონს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 19 მილიონ ლარს. მომავალი წლიდან იზრდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიც და ახალთან ერთად, განხორციელდება და გაგრძელდება ყველა ინფრასტრუქტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტი.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, მომხსენებელმა მოისმინა კომიტეტის წევრთა მოსაზრებები და რეკომენდაციები. საბოლოოდ, გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
კანონმდებლებს ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ გააცნო. კომიტეტმა აღნიშნული დასკვნა ცნობად მიიღო.
კომიტეტის წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც. კენჭისყრამდე მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს და მოისმინა კანონმდებელთა შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.