აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტები დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
ბიუჯეტის კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი ამჯერადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. კოვიდპანდემიის მიუხედავად გაზრდილი ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, 436 მილიონ ლარს შეადგენს. მისი გაზრდილი საშემოსავლო ნაწილი კი, მინისტრის განცხადებით, სამუშაო ადგილების ზრდასა და შრომის ანაზღაურების მატებაზე მიუთითებს.
კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრების, უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და სიახლეების წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათი შენიშვნები და წინადადებები.
ორივე კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას და ასევე, ცნობად მიიღო მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.
ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ, კომიტეტების წევრებმა და სხდომაზე დამსწრე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრს - მაია ხაჯიშვილს მოუსმინეს. როგორც აღინიშნა, უწყება 11%-ით გაზრდილი მომავალი წლის ბიუჯეტიდან, რომელიც 71 მილიონი ლარია, სკოლების რეაბილიტაციის, მშენებლობის, მათი აღჭურვის, სტუდენტთა დაფინანსების, საგანმანათლებლო-სასპორტო, კულტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გააგრძელებს. მინისტრმა მოისმინა სხდომის მონაწილეთა მოსაზრებები და უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გათვალისწინებულ პროგრამებს შეეხებოდა.