აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტები განიხილეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.
კანონის პროექტის თანახმად, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პანდემიის მიუხედავად, საგრძნობლად იზრდება და 436 მილიონ ლარს შეადგენს. 30 მილიონი ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადები და 320 მილიონს აჭარბებს. ამასთან, იზრდება ყველა მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტი და საერთო მნიშვნელობის რესპუბლიკური გადასახადები. ბიუჯეტის პროექტში გაწერილია ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის სიახლეა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: „ახალი შესაძლებლობები ბიზნესს“ და „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იზრდება სამინისტროს ყველა პროგრამის დაფინანსება და შესაბამისად, ამ პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც. უწყების ბიუჯეტი, მომავალი წლისთვის 28 მილიონს აჭარბებს.
მოხსენებების დასრულების შემდეგ, მინისტრებმა მოისმინეს უმაღლესი საბჭოს წევრთა შენიშვნები, რეკომენდაციები და უპასუხეს მათ კითხვებს. კომიტეტებმა, სხდომაზე გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
გაერთიანებული სხდომის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს და ცნობად მიიღეს ორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.
რაც შეეხება დღის წესრიგის ბოლო საკითხს - ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.