უმაღლესი საბჭოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგის პირველ საკითხად უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის: გია აბულაძისთვის, ელგუჯა ბაგრატიონისთვის, ლევან ანთაძისთვის, მედეა ვასაძისთვის, გიორგი კირთაძისთვის და მამული სურმანიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი განიხილეს.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მიერ გამოტანილი აღნიშნული საკითხი, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.
ბიუროს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტები, ასევე უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატანი ცვლილება. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შეტანილი ცვლილებები ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული კონცეფციის გათვალისწინებით, სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვას; აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომების ინტერნეტ-ტრანსლაციას ითვალისწინებს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების ანგარიშები 2020-2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2021-2022 წლების კორექტირებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა, ბიურომ ცნობას მიიღო.