განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. ჯაბა ფუტკარაძე კანონმდებლების წინაშე აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარსდგა.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, განსაკუთრებული აქცენტი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებზე გაკეთდა. მომხსენებლის განმარტებით, კოვიდვითარების გამო, ვერ განხორციელდა რიგი ღონისძიებები, თუმცა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი არც ერთი პროექტი და პროგრამა არ შეჩერებულა, მათ შორის სკოლებისა და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აღჭურვა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელმა 89 % შეადგინა.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდგომ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.