ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - ომარ ტაკიძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან - როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად, მაწყვალთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, არაერთი ღონისძიება ხორციელდება, მათ შორისაა სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მაწყვალთის სოფლის სახლის რეაბილიტაცია, ფანჩატურის მოწყობა, ცენტრში მდებარე შენობების ფასადების მოწესრიგება, სკვერის მოწყობა და დეკორატიული განათების მონტაჟი.
პროექტში გაწერილია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. ამ ეტაპზე იგება ბეტონის საფარი. მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე სულ 485 000 ლარამდე დაიხარჯება. მიმდინარე პროექტების პარალელურად, მოწესრიგდება და მოეწყობა წაბლანის, ჯაბნიძეების, წყაროთის, ბუთურაულის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრები.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროფიკაციის მიმართულებითაც. შესაბამისი პროექტი ახალი მაგისტრალის მშენებლობასა და შიდა ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს და ამ მიზნით, მაწყვალთაში, 277 000 ლარი გაიხარჯება. წელსვე დაიწყება შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები ღომას მთაზეც. ბოლო წლებში 10-ზე მეტ საზაფხულო იალაღზე მოეწყო ახალი ელექტროგადამცემი ქსელი, რაზეც 1 240 000 ლარი დაიხარჯა.