აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მარინე გვიანიძე, ბათუმის ბიზნესცენტრში, აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს სხდომას დაესწრნენ, რომელზეც სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2020 წლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
ამავე სხდომაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მთავრობის წევრები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, დაამტკიცდა 2021 წლის სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა. ახალი გეგმა რეგიონში სოფლის განვითარების პროგრამების დაგეგმარების და განხორციელების სტრატეგიული მიდგომების ხელშეწყობა-გაძლიერებას ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და ევროპული „ლიდერ“ მიდგომის დანერგვის გზით.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის (EU) თანადგომა სოფლად სიღარიბის შემცირებისა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.
ჩვენს ქვეყანაში ENPARD-ი შესაბამის პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013-2020 წლებისათვის პროგრამის ბიუჯეტი საქართველოში 179 მილიონ ევროს შეადგენს. პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა, მეორე და მესამე ფაზა კი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.