აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ, გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მომხრე 16 დეპუტატი აღმოჩნდა. ფარული კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, ასევე ფარული კენჭისყრით, 13 ხმით, 5 წლის ვადით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
კანონმდებლებმა არჩევანი გააკეთეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ, უსკო-ს წევრის თანამდებობაზე წარმოდგენილი - ირაკლი გვარამიასა და რამაზ ფირცხალაიშვილის კანდიდატურებს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად, 15 ხმით, 5 წლის ვადით, უსკო-ს წევრად ირაკლი გვარამია აირჩიეს.
კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის კონცეფციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროგრამულ პრიორიტეტებზე, სამაუწყებლო პროგრამების განრიგზე, გაფართოებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე, აუდიტის დასკვნასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.