უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხზე მსჯელობით დაიწყო ბიუროს რიგით მე-10 სხდომა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
ბიურომ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. მომხსენებლის განცხადებით, კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების საკითხზე მსჯელობა ფრაქცია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დარეგისტრირებამ გამოიწვია.
სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ - ელგუჯა ბაგრატიონმა ბიუროს ფრაქციის გადაწყვეტილება წარუდგინა, რომლის თანახმადაც: საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში - მედეა ვასაძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში - მამული სურმანიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში - გიორგი კირთაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში - გია აბულაძე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომიტეტში - ელგუჯა ბაგრატიონი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში - ლევან ანთაძეა წარდგენილი. ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქციის გადაწყვეტილება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა და განხილვის პროცედურები იწყება შემდეგ საკითხებზე:
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურის შესახებ;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი რამაზ ფირცხალაიშვილის და ირაკლი გვარამიას კანდიდატურების შესახებ.
ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.