03 ივნისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მოხსენებით დაიწყო. სხდომაზე, რომელსაც ახლად დარეგისტრირებული ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაესწრნენ, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.

ჯაბა ფუტკარაძემ, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის პარალელურად,  სამინისტროებისა და მათთან დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მოისმინა ოპოზიციისა და უმრავლესობის მოსაზრებები.

ძირითადი მოხსენების შემდეგ, დეპუტატებმა მოისმინეს თანამომხსენებლების -  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის  შემსრულებლის - კახაბერ კირტავას მოხსენებები.

ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა - ირაკლი ჩავლეიშვილმა, მომხრე- 14, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატი იყო.

ჯაბა ფუტკარაძე სხდომაზე კიდევ ერთი საკითხით, ამჯერად უკვე „მინისტრის საათის» ფორმატში წარსდგა და სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარმოადგინა. ხელისუფლების პრიორიტეტები, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მიწის რეფორმა, სამრეწველო და რეკრეაციული ზონების, მთის კურორტების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილები, მაღალმთიანეთის გაზიფიკაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. მომხსენებელმა ამჯერადაც დეპუტატების მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას უპასუხა, მოისმინა მათი მოსაზრებები და წინადადებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

წარმოდგენილი ინფორმაცია კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

სხდომაზე ასევე განიხილეს და 16 ხმით დაამტკიცეს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც  საფინანსო-საბიუჯეტო    და  ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი