02 ივნისი

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მზადაა პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-9 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მზადაა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ» დადგენილების პროექტიც. რაც შეეხება 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას, ანგარიში, რომელიც დღის წესრიგის პირველი და მეორე საკითხის მსგავსად, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა, ბიურომ ცნობად მიიღო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურები იწყება საქართველოს პარლამენტში წარსადგენ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე:  ,,მაჭახლის   დაცული   ლანდშაფტის   შექმნისა   და   მართვის   შესახებ“  საქართველოს კანონსა  და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი დადგენილების პროექტები ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვლადიმერ მგალობლიშვილმა ბიუროს სხდომაზე წარმოადგინა, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციას ეხებოდა. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ბიურომ ფრაქციის რეგისტრაციას ერთხმად დაუჭირა მხარი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი