ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (unisef) თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და შემდგომი ნაბიჯების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა გახსნა.
სკოლამდელ განათლებაში ბავშვებზე ორიენტირებული მმართველობა, განათლების ხარისხის მხარდაჭერა, სკოლამდელი განათლების მიღწევები, გამოწვევები, საჭიროებები, სატრენინგო მოდულები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ღონისძიების ორგანიზატორებმა აჭარის განათლების ფონდის ტრენერებს სერტიფიკატები გადასცეს.