აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის მოხსენება ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოისმინეს.
2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშში, ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების პარალელურად, წარმოდგენილი იყო ყველა სამინისტროსა და უწყების საბიუჯეტო მაჩვენებლები.
ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 83-83 %-იანი შესრულების მაჩვენებელი აქვთ სოფლის მეურნეობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს, 58 %-ით შესრულდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც შეეხება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აქ ანალოგიური მაჩვენებელი 52 %-ია.
მომხსენებლის განცხადებით, მიუხედავად ეპიდვითარებისა, რეგიონში არ გაჩერებულა არცერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი. ამასთან, პანდემიიდან გამომდინარე, წარმოიქმნა ეკონომიებიც. წარმატებით გრძელდება ინფრასტრუქტურული, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის, მაღალმთიანეთის გაზიფიცირებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
ჯაბა ფუტკარაძემ მოხსენების დასრულების შემდეგ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და განმარტა რიგ პროგრამებთან დაკავშირებული დეტალები.
კომიტეტმა, შემდგომი პროცედურების გაგრძელებისათვის, მხარი დაუჭირა მიმოხილვის ბიუროსთვის წარდგენას.
სხდომას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.