ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, ორი მინისტრის ანგარიში მოისმინეს - ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება მიმოიხილეს.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ბიუჯეტის შემოსულობებმა 55 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 89 %-იანი მაჩვენებელია, შემოსავლების ნაწილი 91 %-ით, ძირითადად, საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე შესრულდა, ხოლო ხარჯვით ნაწილში ათვისებულია 29 მილიონ ლარზე მეტი და ეს 56 %-იან მაჩვენებელს ნიშნავს. 131 %-ით შესრულდა სხვა შემოსავლების მუხლი, ამასთან, ეპიდვითარების შედარებით გაუმჯობესებამ რიგი მიმართულებების მხრივ ეკონომიები წარმოქმნა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სამინისტროს ბიუჯეტის შესრულება პირველ კვარტალში 58 %-ია და მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია რეგიონში არსებულ ეპიდვითარებასთან. სამინისტრომ შეძლო პროგრამების უდიდესი ნაწილის შეუფერხებლად განხორციელება და ამასთან, დაიწყო ახალი პროგრამის რეალიზებაც, რამაც ბენეფიციარებს უცხოეთში მკურნალობის საშუალება მისცა.
მინისტრმა თავის მოხსენებაში ისაუბრა სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობასა და რიგ სხვა საკითხებზე.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა შემდგომი პროცედურების გაგრძელების მიზნით, მხარი დაუჭირა მიმოხილვის ბიუროსთვის წარდგენას.
სხდომას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდა.