„ქართულ-ბერძნული ურთიერთობები გუშინ და დღეს არ დაწყებულა, საუკუნეებს ითვლის და ამის ნათელი მაგალითია სოფელი დაგვა. ეს დამოკიდებულება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებშიც ცალსახად იკვეთება და სამაგალითოა მსოფლიოსათვის. ჩვენ ვართ ორი უძველესი ევროპული სახელმწიფოს შვილები და გვაქვს საერთო ფასეულობები. რაც შეეხება ახალ ორგანიზაციას, სასიამოვნოა რომ მისი მიზანი წლების წინ დაწყებული ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაა», - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციის დაფუძნებისას.
დაგვაში წლების განმავლობაში ერთად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ქართველები და ბერძნები. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნების დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, ყოველწლიურად, მარიამობაზე საგანგებოდ ჩამოდიან მშობლიურ დაგვაში და დღესასწაულს სოფელში მუდმივად მცხოვრებ თანამემამულეებთან და ქართველ მეზობლებთან ერთად ზეიმობენ.
ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებები სოციალური პროექტების განხორციელებას, შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვას, მუზეუმის მოწყობას, გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ტურისუტული, სასწავლო, კომერციული ფესტივალების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს სოფლის, რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.
ორგანიზაციის დაფუძნების ღონისძიებას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.