ოპოზიციონერი დეპუტატები: გია აბულაძე, ლევან ანთაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, მედეა ვასაძე, გიორგი კირთაძე და მამული სურმანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად რჩებიან. მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავტოვეთ შანსი იმისა, რომ დეპუტატმა დაიკავოს ის ადგილი, რისთვისაც ამომრჩეველმა მას ხმა მისცა. თანამედროვე მსოფლიოში არ დარჩენილა საქართველოს არცერთი გულშემატკივარი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ საკითხის განხილვაში - ყველა მათგანი ოპოზიციას მოუწოდებს დაიკავოს მისთვის კუთვნილი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, იქნება ეს საქართველოს პარლამენტში თუ აჭარის უმაღლეს საბჭოში. თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს პროცესი უსასრულოდ არ გაგრძელდება და რეგლამენტში გვაქვს შესაბამისი ნორმა, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს“,- განაცხადა დავით გაბაიძემ.
სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში კანონმდებლებმა - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს - გიორგი სურმანიძეს მოუსმინეს, რომელიც სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა.
როგორც გიორგი სურმანიძემ აღნიშნა, უწყებამ 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც 15 მილიონ ლარს აჭარბებდა, 96 %-ით შესრულდა, 2021 წლის ბიუჯეტმა კი სამინისტროს საშუალება მისცა შეენარჩუნებინა სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარების, ფერმერთა ხელშეწყობის, სოფლად მეწარმეობის განვითარების, გარემოს დაცვითი და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით არსებული პროგრამები. მომხსენებლის განცხადებით, გასული წლის პროგრამათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ხუთივე მუნიციპალიტეტში 1400 ჰა მიწის ფართობი დამუშავდა. წელს ანალოგიური პროგრამით 2100 ჰა ფართობის დამუშავებაა გათვალისწინებული, ამასთან, ხვნა-თესვის სამუშაოები მთლიანად დასრულდა ქედასა და შუახევში.
სამინისტრო აგრძელებს გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამასაც, რომლის ფარგლებში 300-მდე სასოფლო-სამეურნეო და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები დაფინანსდება. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ლაბორატორიულ-კვლევით მომსახურებაზე, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ კვლევებზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, ადამიანისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მომხსენებელმა უპასუხა ცალკეულ პროგრამებთან დაკავშირებით კანონმდებელთა შეკითხვებს, ხოლო გარემოს დაცვით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, სიახლეებზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ წულაძემ.
კანონმდებლებმა სხდომაზე განიხილეს და 13 ხმით, გამარტივებული წესით მიიღეს »აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.