19 მაისი

სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის მონიტორინგის, არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა  აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში კულტურის კომიტეტის გამოყოფა, ასევე კულტურის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება ხაზს უსვამს სახელმწიფოს დამოკიდებულებას კულტურის სფეროს მიმართ.

სხდომაზე,  აჭარის რეგიონში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ისაუბრა. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სახელოვნებო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით 4000 მოსწავლე ირიცხება, სფეროს დაფინანსება კი 5 მილიონ ლარამდეა. მისივე განცხადებით, დაგეგმილია სახელოვნებო დაწესებულებების ერთიანი სივრცის მოწყობა „განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“, სადაც ახალგაზრდები ერთ სივრცეში შეძლებენ მრავალფეროვანი და ხარისხიანი განათლების მიღებას. მსჯელობის საგანი იყო ასევე აღნიშნული დაწესებულებების მასწავლებლების სტატუსი და სწავლის დასრულების შემდგომ გაცემული სერტიფიკატის იურიდიული ძალა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, განათლების სისტემაში გასაძლიერებელია საშუალო რგოლი და გასვლითი სხდომებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრები - გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, არმაზ ახვლედიანი, ეკა სეფიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი წევრები აჭარიდან - ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების წარმომადგენლები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი