18 მაისი

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

კანონმდებლების წინაშე ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში გადაჭარბებით - 102 %-ით, შესრულდა და 278 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც ძირითადად, საშემოსავლო გადასახადებზე (95,7 %) მოდის.  ხარჯვით ნაწილში შესრულება 291 მილიონ ლარზე მეტია, რაც 96 %-იანი მაჩვენებელია.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, აჭარაში არ შეფერხებულა არც ერთი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტი. წარმატებით ხორციელდება „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და სხვა პროექტებზე მუშაობა. ძალზე მნიშვნელოვანი იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა და მისი ჩართვა პანდემიასთან ბრძოლაში. კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდა ე.წ. საკარანტინე ზონებში, სადაც შარშან 70 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო შესაბამისი მომსახურება. ამ მიზნით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 10 მილიონის ნაცვლად, 30 მილიონით დაფინანსდა. მინისტრმა მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა მიზანი პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევა და მოსახლეობის ხელშეწყობა იყო.

მინისტრის თქმით, შარშან უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, უწყებამ 30 მილიონ ლარამდე თანხა აითვისა და ბიუჯეტი 99 %-ით შეასრულა. გაიზარდა როგორც პროგრამების, ისე ბენეფიციართა რაოდენობაც. მთავარი გამოწვევა კი, ცხადია,  პანდემია და მისგან გამწვეული შეზღუდვები იყო, თუმცა არც ერთი სამედიცინო თუ სოციალური პროგრამა არ შეჩერებულა.

92 %-ით შესრულდა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი - 96 %-ით,  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 95 %-ით.

მინისტრმა საბიუჯეტო პარამეტრებისა და ცალკეული პროგრამების შესრულების პარალელურად, თავის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო სიახლეებსაც და სხდომაზე დასმული კითხვებზე პასუხების პარალელურად, განმარტა  სხვადასხვა სფეროში განხორციელი ცალკეული პროგრამების დეტალები.

„პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების მიუხედავად, ბიუჯეტი წარმატებით შესრულდა. ყველა პროგრამა, რომლებიც გათვლილი იყო ჩვენს მოსახლეობაზე, შესრულდა“,- აღნიშნა მარინე გვიანიძემ.

 კომიტეტმა ანგარიში პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი