შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოებს ერთობლივად გაეცნენ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად ბუთურაულსა და ქიძინიძეებს ეწვივნენ.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ბუთურაულში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, მოეწყობა მოსაცდელები, გარეგანათება, სავალი ბილიკი. კეთილმოეწყობა ბაგა-ბაღის ეზოც, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.
განახლებული ინფრასტრუქტურა ექნებათ ქიძინიძეებში მცხოვრებლებსაც. პროექტი სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა ფანჩატური და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ მემორიალს. დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობაც.
წელს მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, კეთილმოეწყობა წაბლანის, ჯაბნიძეების, წყაროთის, მაწყვალთის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრები.