23 აპრილი

წიგნის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ფონდმა „იალქანმა“ სოციალურად დაუცველი, ქუჩაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის წიგნების შეგროვება დაიწყო და ამავე ფონდის დღის ცენტრში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

აქციას შეურთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ფონდის მესვეურებს 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა გადასცეს საჩუქრად. წიგნების ნაწილზე კანონმდებლებმა ავტოგრაფები და სამახსოვრო წარწერები დატოვეს მომავალი მკითხველებისთვის.

როგორც აქციაზე აღინიშნა, შეგროვებული წიგნებით ფონდი „იალქანი“, მისი ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, ბიბლიოთეკას შექმნის. ახალი წიგნების შეძენაზე გაიხარჯება გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხაც. აქციას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი