ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, გენერალ-მაიორ კობა კობალაძესთან, ამავე სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსთან შოთა ყიფიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, გეგმიური შეხვედრების მიზანი ომგამოვლილთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი სრულყოფილი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფაა.
კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ხელვაჩაურსა და ხულოში ვეტერანებმა მათთვის განსაკუთრებით მნიშნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა გადაჭრაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
გეგმიური სამუშაო შეხვედრები აჭარაში ქობულეთიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.