სარდაფების, ეზოების მოწესრიგება-კეთილმოწყობაზე, სადარბაზოების სახურავების გამაგრებასა და რიგ სხვა ყოფით გამოწვევებზე მოქალაქეებმა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებმა ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა რესან კონცელიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობის მიერ შეხვედრაზე გამოთქმული გამოწვევები ჩაინიშნეს, ნაწილის მოსაგვარებლად ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება, მოქალაქეთა ნაწილს კი, კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაჰპირდნენ.
როგორც ტიტე აროშიძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება ბათუმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.