02 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა და მასზე პირველ საკითხად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონში  შესატანი ცვლილება გამარტივებული წესით განიხილეს.

  კანონის პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა, სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებაზე, აგრომეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი 12 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი) დამტკიცდა.

  ამდენივე ხმით, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, რომელიც სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფატი ხალვაშმა წარმოადგინა.

  11 ხმით  -ერთის წინააღმდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, დამტკიცდა უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.

  უმაღლესი საბჭოს წევრის - ტიტე აროშიძის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში - 2, 29-ე ოლქში - 1, ხოლო 30-ე ოლქში, რომელსაც ხელვაჩაური დაემატა, 3-ის ნაცვლად - 4 წარმომადგენელი იმუშავებს.

  კანონმდებლებმა განიხილეს და 10 ხმით - ერთის წინააღმდეგ, მიიღეს - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ .

   

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი