01 მარტი

                      

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს - ნინო ნიჟარაძეს მოუსმინეს.

შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე მარინა ზანაქიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ, კოვიდპანდემიასთან ერთად განვლილი ერთი წელი მიმოიხილეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს, აჭარაში კი 14 მარტს აღირიცხა, რასაც შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები მოჰყვა. ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რის შემდეგაც საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და რეგულაციების სრული დაცვით განახორციელდა ყველა პრევენციული თუ სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიება.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა კოვიდსტაციონარებში, სასტუმროებსა თუ ონლაინკლინიკებში გატარებულ ღონისძიებებსა და სტატისტიკაზე, დღეს არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციაზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პანდემიასთან ბრძოლაში სამინისტროსა და ჯანდაცვის სისტემის თითოეული წარმომადგენლის უდიდეს წვლილზე ისაუბრეს და გაწეული შრომისათვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი