«აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ» დადგენილების პროექტი, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.
პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ტიტე აროშიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომიტეტებში დასრულდა დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.
ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო «ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
სხდომაზე განსაზღვრეს უმაღლესი საბჭოს 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების) განრიგი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ წარმოადგინა.
დავით გაბაიძის განმარტებით, უმაღლესი საბჭო აღნიშნულ განრიგს მთავრობის წევრებთან შეთანხმებით ადგენს. მომხსენებლისავე განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში პირველად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (18 მარტი) მოსმენა იგეგმება. 15 აპრილს გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგება განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, 20 მაისს - სოფლის მეურნეობის მინისტრი, 3 ივნისს კი - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. ივნისშივე მოუსმენენ კანონმდებლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.