აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის საკითხზე დასრულდა საკომიტეტო მოსმენები, ამავე საკითხზე გაიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა და ბიუროს წარედგინა შესაბამისი დასკვნებიც. ამდენად, საკითხი მომზადებულია პლენარული სხდომისთვის.
ბიუროს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» პროექტი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება რიგ სიახლეებს, მათ შორის პეტიციის შემოღებას ითვალისწინებს.
ბიურომ მხარი დაუჭირა რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განხილვის საკითხს.