საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის საკითხი ამჯერად უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა - თორნიკე რიჟვაძემ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განათლების პროგრამული ხედვა წარმოადგინა. სასწავლო დაწესებულებების, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის, განათლების ხელმისაწვდომობის, ახალგაზრდების საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში ჩართულობის, პროფესიული სასწავლებლების, განათლების სფეროში ინვესტირების, პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელშეწყობის, კულტურულ-სახელოვნებო და სპორტის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და რიგი სხვა პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად, უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.
სოფლის მეურნეობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვა, ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები, როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, პანდემიის პირობებში მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მომავალ წელს დაგეგმილია არაერთი მიზნობრივი პროგრამის განხორციელება. კანდიდატებმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მიწის რეფორმის, გარემოს დაცვის, ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობისა და სხვა საკითხებზე დასმულ შეკითხვებს.
კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანას.