უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ გახსნა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება წარმოქმნილი ეკონომიებითა და კოვიდინფექციის გავლენითაა გამოწვეული. მიუხედავად, განვითარებული მოვლენებისა, არ შეფერხებულა და კვლავ გრძელდება რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი. მომხსენებლის განცხადებით, კოვიდინფექციის გამო შეუსრულებელი რიგი ღონისძიებების მიზეზით მიუღებელმა შემოსავლებმა გავლენა იქონია შესაბამის საბიუჯეტო პარამეტრებზეც, თუმცა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 22 მილიონ 400 ათას ლარს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადაანაწილებს.
კანონის პროექტით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 108 324, 1 ათასი ლარია, 45 948,1 ათას ლარს შეადგენს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 15 257,5 ათასი ლარია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. 26 980,8 ათასი ლარითაა განსაზღვრული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. კორექტირებული მთავარი საფინანსო კანონის პროექტით, დაფინანსდება საკარანტინე სივრცეებსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული მედპერსონალის ანაზღაურება. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის გათვალისწინებულია დამატებით ორი გენერატორის შეძენაც. პროექტი ითვალისწინებს კოვიდმედიკამენტების შეძენისთვის საჭირო თანხებსაც.
საბიუჯეტო ცვლილებებზე თანამოხსენება წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ და კოლეგებს კანონის პროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. კითხვა-პასუხისა და გამოსვლების შემდეგ, საბიუჯეტო ცვლილებები 13 ხმით დამტკიცდა. კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა დამოუკიდებელმა დეპუტატმა - ირაკლი ჩავლეიშვილმა.
გამოსვლებში უმაღლესი საბჭოს წევრებმა მედიკოსებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს პანდემიასთან ბრძოლაში თავდაუზოგავი შრომისათვის. კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გატარებული სწორი პრევენციული ღონისძიებებისათვის, რომელთა მიზანი დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევის დაძლევაა.