22 დეკემბერი

  მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცვლილება წარმოქმნილი ეკონომიებითა და პამდემიის მიზეზით მიღებული საშემოსავლო ნაწილის პარამეტრებითაა გამოწვეული. მომხსენებლის განცხადებით, ამ უკანასკნელის გამო, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 22 მილიონ 400 ათასი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება.

  პროექტის თანახმად, 26 908,8 ათასი ლარით კორექტირდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. თანხა, ძირითადად, საკარანტინე სივრცეებში და რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფექციასთან მებრძოლი მედპერსონალის ანაზღაურებასა და კოვიდმედიკამენტების შეძენაზე გაიხარჯება. 350 ათასი ლარია გათვალისწინებული რესპუბლიკური საავადმყოფოს 2 გენერატორის შესაძენად, რაც მის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

   რიგი სხვა პარამეტრების დეტალურად წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში არც ერთი პროექტი არ შეფერხებულა.

   კომიტეტმა კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.  

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი