წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ იმსჯელეს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს ბიუროს პირველ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მარინე გვიანიძის მიერ გამოტანილი საკითხი, რომელიც ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტსა და მის თანმდევ პრიორიტეტების დოკუმენტის შეეხებოდა, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.
სხდომაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების დებულებების დამტკიცების შესახებ საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა: აგრარულ და გარემოს დაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების დებულებების დამტკიცებაზე ბიურო წევრებმა ერთხმად განაცხადეს თანხმობა.
ბიურომ ცნობად მიიღო უმაღლესი საბჭოს წევრის - ირაკლი ჩავლეიშვილის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში გაწევრების შესახებ საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.
სხდომაზე ასევე განისაზღვრა 2020 წლის 17 დეკემბრის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პლენარული სხდომით უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურება.