„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, კომიტეტის შენიშვნებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გასაგრძელებლად. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
საკითხი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. მასთან ერთად სხდომის მუშაობაში ინტერნეტით, თანამომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობდა - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - რუსლან ქორიძე. მომხსენებელთა განცხადებით, მომავალ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს სფეროს განვითარებისთვის დაგეგმილ რიგ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს. უწყების ბიუჯეტი, კანონპროექტის თანახმად, 15 900,9 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტიდან შემოსული ინიციატივებით წარსდგა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე: პარლამენტის წევრების - ნინო წილოსანისა და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , ასევე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონების პროექტები - „აგროტურიზმის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.