87 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი რამაზ სურმანიძე, ღირსეული მამულიშვილი, საქართველოსა და ჩვენი კუთხის ჭეშმარიტი გულშემატკივარი, მისი მემატიანე და თანამოდარდე, არაერთი საქვეყნო საქმის წამომწყები და განმახორციელებელი.
რამაზ სურმანიძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა როგორც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა. იყო გამორჩეული მწერალი, ექიმი, მეცნიერი, ჩოხოსანთა აჭარის სადროშოს ღირსეული წევრი და უბრალო, თავმდაბალი ადამიანი. არ დარჩენილა საზოგადოებრივი საქმიანობის არც ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც რამაზ სურმანიძეს თავისი კვალი არ დაუტოვებია.
პროფესორი რამაზ სურმანიძე იყო მეორე მოწვევის (2008-2012 წ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. ღირსეულმა პიროვნებამ და მეცნიერმა საკანონმდებლო სფეროშიც გააგრძელა საზოგადოებისათვის სასიკეთო არაერთი საქმის კეთება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მამულიშვილის გარდაცვალების გამო და გულითადად უსამძიმრებს მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახს, სრულიად საქართველოს. მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა, თაობიდან თაობებს გადაეცემა როგორც უნიკალური საგანძური.