05 აგვისტო

  2020 წლის 5 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ საჭიროებათა კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოამზადა საკონსულტაციო კომპანია GEC-მა. აღნიშნული დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საკონსულტაციო კომპანიის (GEC) წარმომადგენლები. 

   აჭარის არ უმაღლესი საბჭო 2019 წლის სექტემბერში ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ინიციატივაში ჩაერთო. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაძლიერების გზით, ახალ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში.

  პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა, რაც სწორედ საჭიროებათა კვლევის შედეგების მიხედვით უნდა განხორციელდეს 2021-2022 წლების პერიოდში. კვლევის ფარგლებში შეფასდა აჭარის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ჩარჩო, პრაქტიკული მიდგომები, არსებული რესურსები და შესაძლებლობები. 

  საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტების მიერ ჩატარდა ინტერვიუები როგორც საბჭოს დეპუტატებსა და აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე გარე დაინტერესებულ მხარეებთან - სამოქალაქო სექტორის, მედიის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კვლევის შედეგად გამოიკვეთა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევები, რომლის დასაძლევად პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული ჩარჩო და სამოქმედო გეგმა, რაც გააძლიერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატს და გაზრდის მის საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი