აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები- ხვიჩა შარაშიძე და ვახტანგ წულაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გოდერძის ალპური ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი.
გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში, რომლის იდეა 2015 წელს გაჩნდა, წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი სუბალპური ნაირსახეობა. გარდა ტურისტული დანიშნულებისა, ბაღი ეკო-განათლების პოპულარიზაციის, კავკასიის ეკორეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა-კონსერვაციისა და სოფლად ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც დამთვალიერებლებს ჯარას ველური თაფლის უნიკალური ტრადიციის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტის მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია“, ბათუმის, მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები.